
ქარელის ორ სოფელში უკანონო „ბორდერიზაციის" მოსამზადებელი სამუშაოების დაიწყეს
20/04/2021 17:46:35 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის" მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას დასტურებს. სუს-ის ცნობით, ისინი ამ ორ სოფელში დღეს, 20 აპრილს, დილით ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.
გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ:
„ამ წუთას ვიმყოფებით ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში. დღეს რუსებმა დილიდანვე განაახლეს „ბორდერიზაციის" პროცესი. ამის შესახებ გვაცნობა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. ფაქტობრივად, დღევანდელი მონიშვნების დაინსტალირება ემსახურება სამომავლოდ მავთულხლართების და ღობეების დამონტაჟებისთვის მოსამზადებელ პროცესს".