
აშშ–ის ევროპული სარდლობის მეთაური: "სამხრეთ კავკასიაში საქართველო აშშ–ის სტაბილურ პარტნიორად რჩება"
20/04/2021 18:34:40 თავდაცვა
აშშ–ის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ტოდ ვოლტერსის განცხადებით, "სამხრეთ კავკასიაში საქართველო აშშ–ის სტაბილურ პარტნიორად რჩება".
მისივე თქმით, რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გავლენას ახდენს რეგიონული დაძაბულობის მანიპულირებით და მოუგვარებელი სამხედრო კონფლიქტებით.
"რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ბლოკავს ხალხისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე, აკავებს და ავიწროებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას და ძირს უთხრის საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების მისწრაფებებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო წარმოდგენილობა რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველოს დაახლოებით, 860 ჯარისკაცი მონაწილეობას იღებს ავღანეთში ნატო–ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", ქვეყანა ალიანსის არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეზე მიუთითებს. ჩვენ ვეხმარებით ქართულ ძალებს "ქართული განლაგების პროგრამის" ფარგლებში. საქართველომ უმასპინძლა "NOBLE PARTNER 20" - საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ს არმიის ევროპული სწავლებას - გაეძლიერებინა ქართველი, რეგიონალური პარტნიორისა და აშშ ძალების მზადყოფნა და ურთიერთქმედება რეალისტურ, მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მოახდინოს თავდაცვის ძალების ადაპტირება საქართველოს "თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", – აცხადებს ვოლტერსი.