
"ძელების მონტაჟი მოასწავებს, რომ მალე აქ ახალი მავთულხლართები გაივლის"
21/04/2021 07:15:56 კონფლიქტები
რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში, ქარელის სოფლებში .უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი გაანაახლეს. სოფელ ტახტისძირისა და დირბის გასწვრივ ხის ბოძები დაახლოებით ხუთასი მეტრის სიგრძეზეა გავლებული.
"დაახლოებით 3-4 კილომეტრზეა გადმოწეული, რომ ვიღებთ გუგლის მონაცემებით, ზოგან 7 მეტრია გადმოწეული, ზოგან 10, დამატებით ტერიტორიებს ტაცებენ მოსახლეობას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკა ისევ ძალაშია. ძელების მონტაჟი მოასწავებს, რომ მალე აქ ახალი მავთულხლართები გაივლის", - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი მიშა ბალიაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის" მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას ადასტურებს. სუს-ის ცნობით, ისინი ამ ორ სოფელში 20 აპრილს, დილით ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.