ადვოკატები: "მელია წინაპირობებისა და გამოსასყიდის გარეშე უნდა გათავისუფლდეს"

21-04-2021 13:00:27 სამართალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად არაერთი ბერკეტი აქვს. მათ შორის არის, პროკურატურის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე და ამნისტიის კანონის მიღება.

"ეს შეიძლება მოხდეს პროკურატურის მეშვეობით. მოითხოვონ პატიმრობის გაუქმება აღმკვეთი ღონისძიების სახით, ან როგორც გუშინ დაანონსდა ამნისტიის კანონი იქნას მიღებული და ამ ფორმით განიხილავდეს ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებას. ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვათ არის ის, რომ რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის",– განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აღნიშნავს, რომ მელია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

"ნიკა მელია, იქნება ხვალ, ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ნიკა მელიას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და ისინი, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში იყვნენ განხილული, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები