უკრაინული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბის ეარლაინსი“ კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენების შესრულებას 30 აპრილიდან გეგმავს

21-04-2021 14:39:30 ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ბის ეარლაინსმა“ მიმართა. ინფორმაციას საავიაციო სააგენტო ავრცელებს.

„შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა. ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი​ კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები