21-04-2021 15:26:32 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო.
მისივე ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ:
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ:
ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, მათ შორის დეპარტამენტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით და სხვა მტკიცებულებებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნულ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ბრალდებით დაკავების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსი გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. რაც შეეხება ამავე სამმართველოს ცვლის უფროს დ.დ.-ს, იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.