რუსეთმა სომხეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას მხარი არ დაუჭირა

21-04-2021 15:43:37 კავკასია

რუსეთის დელეგაციის 12-დან 5-მა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] 19-22 აპრილის სესიაზე მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანიდან სომეხი [როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები] ტყვეების დაბრუნების საკითხის განხილვას, 7-მა წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კითხვაზე, რატომ არ მისცეს ხმები რუსმა დელეგატებმა სომხეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, მაშინ, როდესაც რუსეთი ოფიციალურ დონეზე სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევა, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს პიოტრ ტოლსტოის ესაუბრა:

“მან მითხრა, რომ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა და რეალურად, რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ სომეხი ტყვეები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ”.

“რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ ჩვენი ტყვეების დაბრუნების საკითხი მნიშვნელოვანი არ არის რუსეთისთვის. სხვადასხვა განმარტება მოჰყვა იმას, თუ რა მიზეზით ვერ მისცეს მათ ხმა, მაგრამ დიდწილად ჩვენ ეს არ გვაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებდეს”, – ამბობს ანალიტიკოსი რუბენ მარგარიანი.

რუსეთის დელეგაციასთან ერთად ტყვეების დაბრუნების საკითხის განხილვას მხარი არ დაუჭირეს,როგორც აზერბაიჯანის, ასევე, თურქეთის დელეგაციებმა.

საკითხის განხილვას 93-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, 21 წინააღმდეგი იყო, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.

სომხეთი 100-დან 200- მდე ტყვეზე საუბრობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები