აშშ–ის სენატში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღით დახმარებასაც გულისხმობს
22/04/2021 07:08:02 მსოფლიო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის – ლეტალური იარაღით. კანონპროექტის მიზანია უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ასევე, ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობასთან.
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლამდე აშშ უკრაინას დაეხმარება 300 მილიონი დოლარით. ამასთან, თანხის ნახევარს უკრაინა მიიღებს პირობით, კერძოდ, კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ.
”უკრაინელებს აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი და ეს კანონპროექტი ხელს უწყობს დასავლური ტიპის სამხედრო რეფორმების მხარდაჭერას, ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან თავის დასაცავად და აშშ-ს დიპლომატიურ მხარდაჭერას სამშვიდობო მოლაპარაკებებში", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის ბობ მენენდესის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "განაგრძობს უკრაინის საზღვრებს გასწვრივ სიტუაციის გამწვავებას, კომიტეტი ერთხმად ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და უახლოესი მოკავშირეების ინტერესების დაცვისადმი ერთგულებას".
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს კონგრესის ორივე პალატამ, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის: 19 აპრილს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000–ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამასთან, Reuters აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული კონტინგენტის რაოდენობა 150 000–ს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეს ოქტომბრამდე კეტავს.
უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა. თუმცა გაიმართება თუ არა შეხვედრა ჯერ–ჯერობით უცნობია.


