ასპინძაში ჯგუფურად წამებისთვის ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
22/04/2021 08:28:50 სამართალი
პროკურატურის განცხადებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახელთ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა", - წერს პროკურატურა.
ამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 39 წლის კაცი თანასოფლელებმა გვიან ღამით სახლიდან მიტოვებულ სასაფლაოზე წაიყვანეს და საფლავი საკუთარი ხელით გაათხრევინეს. გამტაცებლები მას ქურდობაში ადანაშაულებდნენ და 590 ლარის დაბრუნებას სთოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.


