„ერთგვარი ტესტია რუსეთისთვის“ – კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა?

23-04-2021 14:37:54 კავკასია ,ანალიზი

როგორც ჩანს, გასული წლის 9 ნოემბერს მოსკოვში შემდგარი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც სომხეთის მოქალაქეებისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა და ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ვადამდელი არჩევნების ჩატარება უწევს, რეგიონისთვის არც მაინც და მაინც სიმშვიდის მომტანი აღმოჩნდა: 22 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს. საუბარია სომხეთის სიუნიქის რეგიონზე, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიური ოლქისგან აშორებს. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ერევანი პრობლემებს შეუქმნის ნახიჩევანის მიმართულების სატრანსპორტო კომუნიკაციების გაყვანას. თავის მხრივ ფაშინიანმა ალიევი პროვოკაციაში დაადანაშაულა და გამოთქვა ეჭვი, რომ ბაქოს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა სურს:

„44-დღიანი ომის შემდეგ, სიუნიქის ოლქის გარშემო უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია შეიცვალა და ეს სიტუაცია უარესდება აზერბაიჯანის ხელისუფლების პროვოკაციული და არეული, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით. ერთი მხრივ, აზერბაიჯანი ამბობს, რომ არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ან მოლოდინი სომხეთის მისამართით, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობს „ზანგეზურის [იგივე სიუნიქი–რედ.] დერეფნის“ გახსნაზე.

შეთანხმებაში არ არის ნახსენები სიტყვები „ზანგეზური“, „სიუნიქი“, „დერეფანი“, იქ საუბარია რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზე, ხოლო 11 იანვრის განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ ვახდენთ კონსტატაციას, რომ უნდა გაიხსნას კავშირის ყველა არხი. აზერბაიჯანი თუ ლაპარაკობს ზანგეზურის დერეფანზე, ამავე ლოგიკით, სომხეთს შეუძლია, ისაუბროს ნახიჩევანის დერეფანზე, სამხრეთ-აზერბაიჯანულ დერეფანზე, რადგან შეთანხმებით აზერბაიჯანს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ ისეთი დერეფანი, რომლის ანალოგიურსაც სომხეთი მიიღებს აზერბაიჯანის გავლით, მათ შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით“.

ასევე საყურადღებო ფაქტი მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 19-22 აპრილის სესიაზე: რუსეთმა მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანიდან სომეხი (როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები) ტყვეების დაბრუნების საკითხის განხილვას.

სიუნიქი და ნახიჩევანის დერეფანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიუნიქი (ისტორიულად ამ მხარეს ჰქვია ზანგეზური) გახლავთ სომხეთის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება ირანს და რომელიც აზერბაიჯანს აშორებს ნახიჩევანის ავტონომიური ოლქისგან. ამ უკანასკნელს კი პირდაპირი საზღვარი აქვს თურქეთთან.

ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე სწორედ სიუნიქის კონტექსტში „აქცენტთან“ გამოთქვამდა შიშს, რომ კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა:

„აზერბაიჯანს და თურქეთს სურთ, ერთმანეთთან გეოგრაფიული საზღვარი ჰქონდეთ, სიუნიქის დერეფანი კი დაბრკოლებას ქმნის – შუაში სომხეთია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ამ დრომდე არ ჰქონია საფუძველი, სიუნიქის მიმართულებით ტერიტორიული პრეტენზიები განეცხადებინა, მაგრამ ახალი ხელშეკრულებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სომხეთს აღარ აქვს სუვერენული უფლება, აზერბაიჯანისთვის სიუნიქის საზღვარი დაკეტოს. განვითარებული მოვლენების ფონზე, სომხეთში აუცილებლად გაჩნდება რევანშისტული განწყობები და შეიძლება, მუდმივად იყოს ცდუნება, აზერბაიჯანს სიუნიქი დაუკეტონ, აზერბაიჯანს კი, პირველად ისტორიაში, ექნება სამართლებრივი საფუძველი, დერეფანი ძალის გამოყენებით დაიკავოს. არ ვამბობ, რომ ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ შეთანხმების შესაბამისი პუნქტით კონფლიქტის ახალი კერის გაჩენის შესაძლებლობა იქმნება – ისტორია ხანგრძლივია და არ ვიცით, ვის როდის დასჭირდება ამ მექანიზმის ამოქმედება“,– განმარტავდა კობახიძე „აქცენტთან“.

უშუალოდ ნახიჩევანის დერეფანი კი, როგორც „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თურქეთისთვის:

„ბაქოდან წამოსული ტვირთი, რომელიც არ ეკუთვნის შავი ზღვის ქვეყნებს, წავა არა ფოთში და ბათუმში, არამედ თურქეთის პორტებში. ეს ეკონომიკურად დაეხმარება ნახიჩევანს, ამასთან, მოგება გადანაწილდება აზერბაიჯანსა და თურქეთზე, ამასთან, მცირედით, სომხეთზე (სულ 40კმ–იანია რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე – სიუნიქზე გაივლის). დერეფანი მოკლე და მომგებიანია: განიტვირთება ბოსფორის სრუტე, სადაც თურქეთი მეორე არხს ხსნის. ამდენად, დერეფანი აწყობთ თურქეთს და აზებრაიჯანს, მაგრამ არა – სომხეთს: სომხურმა ტვირთმა რუსეთში მოსახვერდად, ერთის მხრივ, 900 კმ–ით მეტი მანძილი უნდა დაფარონ, ვიდრე გზის აფხაზეთის მიმართულებით გახსნის შემთხვევაში მოუწევდათ. მეორეს მხრვ, ტვირთი უნდა გაატარონ სომხეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდეგ კასპიის ზღვის გამოყენებით შეიტანონ რუსეთში. მგონია, რომ ქართველებმა ახალი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ვიფიქროთ, რას მოგვცემს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნა ან არგახსნა. უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობია საქართველოსთვის“.

უკანასკნელი დღეებში განვითარებული მოვლენები კონფლიქტოლოგს აფიქრებინებს, დაძაბულობა ხანგრძლივ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, თუმცა შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს კომუნიკაციების საკითხი და ამ მიმართულებით იყოს გარკვეული ჩავარდნები.

დაძაბულობა რეგიონში

უკანასკნელ ინციდენტებს რუსეთისთვის ტესტად განიხილავს პაატა ზაქარეიშვილი:

„ბუნებრივია, აზერბაიჯანს სურს, რუსეთი მეტ–ნაკლებად შეასუსტოს, ამ ფონზე თითქოს არ ჩანს თურქეთის პოზიცია, მაგრამ აშკარაა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის უკან დგას და ვფიქრობ, აზერბაიჯანის ნებისმიერი განცხადება იგივე თურქეთის განცხადებაა. ვფიქრობ, თურქეთ–აზერბაიჯანის ალიანსი ცდის რუსეთის სიმტკიცეს, ერთგვარი ტესტია – ბოლოს და ბოლოს, რუსეთი მეტად გახდება აზერბაიჯანის მოკავშირე და მაქსიმალურად შეეცდება, შეუწყოს ხელი აზერბაიჯანის ინტერესების რეალიზებას, თუ როგორც ფაშინიანი ამბობს, არის სომხეთის საუკეთესო სამხედრო მოკავშირე. ვფიქრობ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეჭვიანობას აქვს ადგილი, ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოაყალიბონ რუსეთი, თქვას, მას რა უნდა. გახსოვთ, რომ რუსეთი დიდხანს არ იღებდა ხმას საომარი მოქმედებებისას, ვიდრე შუშას არ მიადგა აზერბაიჯანის არმია. როგორც კი ჩაერია, პროცესი გააჩერა აზერბაიჯანის და თავის სასარგებლოდ. შესაძლოა, ამჟამადაც ვითარება რაღაც კრიტიკულ ზღვრამდე მიჰყავს, რომ შემდეგ ჩაერიოს. სომხეთი ამას ხედავს, მაგრამ ხმას ვერ იღებს, სამაგიეროდ ამას ხედავენ თურქეთი და აზერბაიჯანი. რეგიონალური პოლიტიკიდან გამომდინარე, მაინც იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთს ეტყვიან, „შენ ვერ ასრულებ სამშვიდობო პროცესს“. აზერბაიჯანს აღარ აქვს ანგარიში სომხეთთან. თუ ვინმე უკონტროლებს ახლა ტერიტორიას, ეს რუსეთია“,– ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ასევე მნიშვნელოვან გარემოებად განიხილავს სომხეთში მოახლოებულ ვადამდელ არჩევნებს:

„არჩევნების წინ ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. სროლებზე აპელაცია ასევე არჩევნების ნაწილია. აზერბაიჯანის ინტერესში არ შედის სომხეთის ხელისუფლებაში ცვლილებები, რადგან შეთანხმება ფაშინიანთან გაფორმდა, რადგან, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იქნება ანტიაზერბაიჯანული განწყობა და დაძაბულობა. ამდენად, ლოგიკით, არჩევნების წინ აზერბაიჯანს ესკალაცია არ უნდა აწყობდეს“.

აზერბაიჯანის მსგავს მოტივაციას განიხილავს კონფლიქტოლოგი რუსეთის შემთხვევაში, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ სცენარში სომეხ ტყვეებთან დაკავშირებული საკითხი და სტრასბურგში რუსეთის ქცევა, როდესაც საკითხის განხილვას არ დაუჭირა მხარი, გაუგებარია:

„არ არის გამორიცხული, არჩევნებამდე ამ მიმართულებით რაღაც მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კრახი იქნება ფაშინიანისთვის, „ვერ აგვარებს არა მხოლოდ სამხედრო, ჰუმანიტარულ საკითხებსაცო“ – ამგვარი პროპაგანდა იმუშავებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები