მელიას პასუხი ოპოზიციას და "ოცნებას": "შარლ მიშელის დოკუმენტში წერია საქმის წარმოების შეწყვეტაზე"
23/04/2021 11:30:08 სამართალი
"შარლ მიშელის დოკუმენტში წერია საქმის წარმოების შეწყვეტაზე", - ასე პასუხობს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას".
განცხადება პარტიის თავმჯდომარის სახელით, ენმ–ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა:
"შარლ მიშელის დოკუმენტში წერია საქმის წარმოების შეწყვეტაზე და არანაირ გირაოს გადახდას არ შეუძლია საქმის წარმოების შეწყვეტა. ის პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს დაუშვებელია და მიმართულია ნიკა მელიას წინააღდეგ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებების სიმძიმე გადააბრალონ მას. გირაო იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში".
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს, ნათქვამია:
- "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
- გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
- ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს".


