მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა

27-04-2021 11:55:04 რეგიონები

12 ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს:

„შუადღისთვის ჩამოვლენ გეოლოგები. ამის მერე დაიგეგმება კაპიტალური ღონისძიებები “.

მისივე თქმით, მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირაა გააქტიურდა წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი დროებით დატოვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჟაბეშში მაშველთა ჯგუფი გაიგზავნა მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება ღელეს ადიდების შესახებ. ამ სამსახურის თანახმად, უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლის მცხოვრებნი დროებით გადავიდნენ ალტერნატიულ საცხოვრებელში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, „დილით ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“.

გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელ ჟაბეშში ადიდებულმა ღელემ რამდენიმე დღის წინ დააზიანა შიდა გზები და ხიდი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები