
ბაქო სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვას მოითხოვს
27/04/2021 13:43:54 კავკასია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დასახურად მობილიზაცია მოსთხოვა.
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რისკების შესახებ აზერბაიჯანის საგარეომ ჩერნობილის კატასტროფის 35 წლისთავისადმი გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა.
“საფრთხეები, რომელიც დაკავშირებულია სომხეთში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყველა მხრივ უნდა იყოს განხილული. ეს სადგური აშენებულია 1976-1980 წლებში იმავე ტექნოლოგიებით, რა ტექნოლოგიითაც იყო აშენებული ჩერნობილი და ის განთავსებულია სეისმურ ზონაში. მოძველებული ტექნოლოგია და ადგილმდებარეობა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ სადგურად ქმნის. ის სეროზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეოს განცხადებაში.
უწყება მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოებითა და ეკოლოგიის საკითხებით დაკავებულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, ასევე რეგიონის ქვეყნებს, სთხოვს, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დასახურად ძალისხმევა არ დაიშურონ.
ყარაბაღის მოვლენების დროს ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშით დაემუქრა.