
"არ არის გამორიცხული, თავშესაფარი ვთხოვოთ, თუნდაც, დე ფაქტო ცხინვალს" - ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს
28/04/2021 05:54:05 კონფლიქტები
ოკუპანტების მიერ ჯერ დაჭრილი და შემდეგ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.
როგორც გახელაძის მეუღლე 9-თვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ აცხადებს, ოჯახი გეგმავს, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდნენ, კიდევ ერთხელ ითხოვონ დახმარება უკანონო პატიმრობაში მყოფი ოჯახს წევრს გათავისუფლებაში და თუ მსგავს აქტივობას შედეგი კვლავ არ მოჰყვება, სამოქმედო გეგმას შეცვლიან.
ოჯახი ამბობს, რომ თაად ჩაერთვება ოჯახის წევრის გათავისუფლების საქმეში.
"არ ვაპირებთ გაჩერებას, დავაანონსებთ გარეთ გასვლას და არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. ვგეგმავ, რომ შევხვდე, თუნდაც, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობოებს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ვთხოვო დახმარება უკანასკნელად. გავივლით ყველა ინსტანციას და არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარიც ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს," - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.
ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები მიიღეს და აქციების გარდა სხვა გზა არ დარჩათ.
სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე გახელაძეების ოჯახში – სოფელ ქვემო ჭალაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ანთაძე ამბობს, რომ უწყება გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას იგი ფეხის არეში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.
მოგვიანებით ირმა ბუთხუზმა, რომელიც მეუღლეს ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის მეშვეობით შეხვდა, განაცხადა, რომ ცხინვალი გახელაძის გათავისუფლებისთვის ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს, თუმცა თქვა ისიც, რომ გახელაძე „მზადაა, ტყვეობაში 12 წელი დაჰყოს და თავისუფლება რელიგიური სიწმინდეების და ტერიტორიბის სანაცვლოდ არ უღირს“:
"თვითონ ამბობს, არ მიღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლაო".
ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან საგუშაგო ბლოკ-პოსტის მშენებლობა 2019 წლის 30 აგვისტოს დაასრულა. იმავე დღეს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა - საოკუპაციო რეჟიმი სწორედ ამას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "კანონის ფარგლებში მოქმედება" დააანონსეს.
რამდენიმე დღეში, 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა ოკუპირებული ახალგორი. მას შემდეგ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ საშვებით აქვთ, ისიც - არა ყველას.