აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

28-04-2021 11:58:33 კონფლიქტები ,რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ მოაწერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარებას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ იძულებით გადაადგილებულ შშმ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ ორგანიზაციის თავმჯდომარეს აფხაზეთიდან დევნილებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები