
აფხაზური ოპოზიცია ბჟანიას გუნდს გალელებისთვის "მოქალაქეობის" მინიჭების საკანონმდებლო ინიციატივის გამო უპირისპირდება
28/04/2021 10:06:49 კონფლიქტები
რევანშისტულად განწყობილი პრორუსული აფხაზური ოპოზიცია, რომელიც "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გუნდის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებს "ქართულ კარტს", ამჯერად მის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს გალელებისთვის აფხაზური "მოქალაქეობის" მინიჭების თაობაზე.
საკანონმდებლო ინიციატივა აფხაზურმა "პარლამენტმა" პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ვეტერანთა ოპოზიციურმა ორგანიზაცია "არუაამ", რომელიც უმთავრესად რაულ ხაჯიმბას წინა დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებითაა დაკომპლექტებული, "პარლამენტის" სპიკერ ვალერი ქვარჩიასადმი მიმართვა გაავრცელა და კვლავ წაუყენა ასლან ბჟანიას გუნდს "ეროვნული ინტერესების ღალატის" ბრალდება.
"როგორც ცნობილია, პარლამენტმა "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, პირველი მოსმენით მიიღო. არადა, 2015 წელს 100-ზე მეტმა ჩვენმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ გაილაშქრა ანალოგიური ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მის მისაღებად ეროვნების აფხაზურით შეცვლას ითვალისწინებდა. დღეს ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონში მცხოვრები, ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის მასობრივად დავუშვათ ეროვნების აფხაზურით შეცვლის შესაძლებლობა. საუბარია უმთავრესად სამურზაყანოელ აფხაზებზე, რომლებიც სტალინ-ბერიას რეპრესიებსა და ასიმილაციას დაექვემდებარნენ და სადღეისოდ თავს მეგრელებად ან ქართველებად თვლიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეროვნების აფხაზურით შეცვლა ფაქტობრივად, ავტომატურად იძლევა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში აფხაზეთში ვერ შეიქმნა რეალური პირობები სამურზაყანოელი აფხაზების მათ ისტორიულ ფესვებთან დასაბრუნებლად. ამ ადამიანების უმრავლესობას გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა და თავს ქართველებად მიიჩნევენ. თუნდაც ირწმუნებოდნენ, რომ ასე არ არის და რომ ისინი თავს აფხაზებად თვლიან, რეალურად, ძალიან ბევრი მათგანი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს და მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ყველას გვესმის, რომ საბუთებში ეროვნების აფხაზურით შეცვლა არაფერს შეცვლის ამ ადამიანების გულებში და თუ ვინმე აფხაზად ჩაეწერება, ამით ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ვერ იქცევა. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არა ეროვნება, არამედ ის, რომელი ქვეყნის მოქალაქედ გრძნობს ადამიანი თავს და დადგება თუ არა იგი საჭიროების შემთხვევაში იარაღით ხელში აფხაზეთის ინტერესების დასაცავად. მითი იმის შესახებ, რომ გალის რაიონის მოსახლეობის 70% თავს აფხაზეთის მოქალაქედ მიიჩნევს, დიდი ხანია, დაიმსხვრა: 2016 წლის კვლევის შედეგების თანახმად, იქ სამურზაყანოელი აფხაზების რაოდენობა 42-ათასიან მოსახლეობაში მხოლოდ 6,500-ია. დანარჩენების თვითშეგნებაზე მეტყველებს თუნდაც ის ფატი, რომ 2008-2014 წლებში აფხაზური პასპორტების ფლობა მათ საშუალებას აძლევდა, აღედგინათ თავისი ისტორიული გვარები და ეროვნება, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ. 2016-2019 წლებში მსგავსი თხოვნით შესაბამის კომისიას მხოლოდ 900-მდე ადგილობრივმა მიმართა და მათმა უმრავლესობამაც ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით გააკეთა, რომ მოეპოვებინა აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქეობის დაუკარგავად. ეჭვგარეშეა, რომ არჩევნების დროს ეს ხალხი გააკეთებს თბილისიდან ნაკარნახებ არჩევანს - მათი უმრავლესობა ხომ დღემდე ქართული ტელეარხების მაყურებელია. ამ ადამიანების ინტეგრაცია აფხაზურ საზოგადოებაში - ეს რთული, კომპლექსური ამოცანაა, რომელიც მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი განხილვის შედეგად შეიძლება, გადაიჭრას. ამას კი წლები დასჭირდება. სანამ ეს არ მომხდარა, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების მაცხოვრებლებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მასობრივად მინიჭება საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამშობლოსა და მის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არ იჩქაროს და საკითხი გადადოს" - ნათქვამია "არუაას" მიმართვაში.