სად უტევდნენ რუსული ჯარები სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს და უდანაშაულო ადამიანებს

28-04-2021 15:04:00 ანალიზი

რუსეთის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „მემორიალი“, კრემლს სირიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს 198 გვერდიანი ანგარიში, სახელწოდებით „დამანგრეველი ათწლეული: ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები სირიის ომში”. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტის საშუალებით, ოფიციალურ მოსკოვს სირიის კონფლიქტში მისი როლისა და სამოქალაქო პირების მკვლელობის მიზეზით, თავად რუსი უფლებადამცველები აკრიტიკებენ.

რუსმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ანგარიშზე მუშაობისას სირიის კონფლიქტში გადარჩენილ ადამიანებთან 150-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერეს. ეს ხალხი ახლა ძირითადად რუსეთში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, გერმანიასა და ბელგიაში ცხოვრობს. ანგარიშში ვკითხულობთ: „ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ რუსეთი მათთვის არა მხსნელი, არამედ დესტრუქციული გარე აქტორია, რომლის სამხედრო და პოლიტიკურმა ჩართულობამ კონფლიქტში, ომის დამნაშავე ასადს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. ჩვენი რესპოდენტების ნაწილმა გვითხრა, რომ მათი საყვარელი ადამიანები სწორედ რუსულ დაბომბვებს ემხსვერპლნენ“ .

უფლებადამცველების ანგარიში სირიაში სამოქალაქო პირების მკვლელობასა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში, პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებით მასობრივ და სასტიკ მკვლელობებშია ბრალდებული. სწორედ ამ პროცესებში ასრულებს კრემლი მთავარ როლს და შესაბამისად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც პასუხისმგებლობა ეკისრება.

ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები მოსკოვს რუსეთის არმიის მიერ სირიის ტერიტორიაზე დაბომბვების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისა და მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებენ. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ არც კი იცის, რომ კრემლი სხვა ქვეყნის კონფლიქტში ასეთი დოზით ერევა.

„რუსეთმა და ირანმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაში კრიტიკული როლი ითამაშეს.“ - ნათქვამია ანგარიშში.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ასადს, რომელიც ათწლიანი კონფლიქტის მთავარი „გმირია“. სირიის სამოქალაქო ომმა ათასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 388,652 ადამიანი დაიღუპა. გასული წლის ანგარიშში „Amnesty International“ რუსი სამხედროების ქმედებებს დამასკოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულს უტოლებდა. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსული ჯარები მიზანმიმართულად უტევდნენ სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს და უდანაშაულო ადამიანებს.

სირიის კონფლიქტი, რომელსაც რუსული ორგანიზაციები „დამანგრეველ ათწლეულს“ უწოდებენ, კიდევ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, სანამ პუტინი „იმპერატორის“ პოზიციას ინარჩუნებს. როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ადამიანებს მისთვის სასურველი ვერსია შეაჩეჩოს, რუსეთის პრეზიდენტის მხარეს სულ მცირე მორალური უპირატესობა არასდროს არ იქნება. სირიელი ბავშვები და უდანაშაულო ადამიანები კრემლის ექსპანსიურ პოლიტიკას ეწირებიან.

ლევან კობეშავიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები