"კიევს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს": გერმანიაში უკრაინის ელჩი იმედგაცრუებულია

28-04-2021 20:15:12 ევროპა

კიევს უკრაინის მიმართ გერმანიის პოლიტიკის შეცვლის იმედი არც ბუნდესტაგის შემოდგომისთვის დაგეგმილი არჩევნების შემდეგ უნდა ჰქონდეს, - დარწმუნებულია გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი.

ასე გამოეხმაურა დიპლომატი Twitter-ში გერმანიის კანცლერობის "მწვანეთა" კანდიდატ ანალენა ბერბოკის (Annalena Baerbock) მიერ Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუს.

"სამწუხაროდ, უარი მივიღეთ როგორც კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების, ისე ნატო-ს კუთხით. ეს იმედებს გვიცრუებს. ამდენად, დროა, სამომავლოდ ბერლინის პოლიტიკის შეცვლის ილუზიები მოვიშოროთ და მხოლოდ საკუთარ ძალებს დავეყრდნოთ", - წერს მელნიკი.

ანალენა ბერბოკმა ხსენებულ ინტერვიუში უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწვრიანების პერსპექტივებზე მიანიშნა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანამდე პრიორიტეტული "ამწუთიერი სტაბილურობაა". "მანამდე ნატო-ს წევრობისკენ ნაბიჯები, ასე თუ ისე, არარეალისტურია", - განაცხადა გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა.

ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ესკალაციის ჭრილში მან მოსკოვის მიმართ ზეწოლის გაძლიერებას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ გერმანიამ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

ბერლინში უკრაინის ელჩი ბოლო პერიოდში არაერთგზის გამოსულა დასავლეთისა და აშშ-ის მიმართ მოწოდებებით სამხედრო დახმარების გაფართოებისა და ქვეყნის ნატო-ში მიღების თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები