Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

29/04/2021 08:22:44 თავდაცვა

30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუაშერ ბურჭულაძე და სხვა ოფიციალური პირები.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და საქართველოსთვის მთავარი სიმბოლოა:

“დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა, მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ამაყად და შეუდრეკლად იცავდით ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო.

მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ ჩვენს გმირებს, ჩვენს სასახელო მებრძოლებს, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოსთვის. მათ ყველას აჩვენეს ქართველი კაცის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავდადება. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ვულოცავ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისადმი, რომლებიც თავიანთი გაუტეხელი და დაუმარცხებელი სულისკვეთებით სიამაყით გვავსებენ.

დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში” – განაცხადა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე და ნატო–ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S