ევროდეპუტატთა დიდი ჯგუფი ევროკავშირში აკრედიტებული რუსი დიპლომატების გაძევების ინიციატივით გამოდის

29-04-2021 14:36:53 ევროპა

ევროპარლამენტის 70-მა დეპუტატმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს მიმართა წერილით, რომელშიც ბრიუსელიდან ევროკავშირში აკრედიტებული რუსი დიპლომატების გაძევების ინიციატივით გამოდის.

აქციის ინიციატორად ესტონელი ევროპარლამენტარი რიხო ტერრასი გვევლინება.

მისი თქმით, ამ გზით ევროკავშირი მოახდენს სოლიდარობის დემონსტრირებას ჩეხეთთან, რომელიც პრაღაში რუსული დიპმისიის საფარქვეშ მოქმედ დივერსანტთა ქმედებების შედეგად დაზარალდა.

"ბრიუსელში აკრედიტებულ რუს დიპლომატებს შორის დაზვერვის თანამშრომლების დიდი რაოდენობაა და მათი ვინაობა ცნობილი უნდა იყოს ევროპული ხელისუფლებებისთვის. ვინაიდან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსმა აგენტებმა ევროპაში აფეთქებები მოაწყვეს, რომელთა შედეგადაც ევროპის ორი მოქალაქე დაიღუპა, ჩვენ თავის გაქნევით ვერ შემოვიფარგლებით, მსგავს აქტებს ქმედითი ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა ტერრასმა.

მან დააზუსტა, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ესტონეთისგან წარდგენილმა კიდევ სამმა ევროპარლამენტარმა - ანდრუს ანსიპმა, სვენ მიქსერმა და იაკ მადისონმა, მთლიანობაში კი ბორელისადმი მიმართვას 16 ქვეყნის წარმომადგენელი 70 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

ევროკავშირში რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობაში 60-ზე მეტი რუსი დიპლომატი მუშაობს.

საბოლოო გადაწყვეტილება ბორელის წარდგინებით ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები