"მისასალმებელია, რომ მთავრობამ უარი თქვა ახალ "ლოქდაუნზე", მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა"

29-04-2021 19:31:30 ეკონომიკა

"მისასალმებელია, რომ მთავრობამ უარი თქვა ახალ "ლოქდაუნზე", მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა", – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძე განაცხადა.

"მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის საინტერესო, რომ ეკონომიკის პირველი ლოქდაუნი, გასულ წელს სწორედ მარტში დაიწყო და ფაქტიურად პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიან პერიოდს აფასებს. გარდა ამისა, პირველი ლოქდაუნი ყველაზე მკაცრი და ხანგრძლივიც იყო. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მარტის ძირითადი ეკონომიკური მონაცემები როგორი იქნებოდა და ზრდის ტრენდი გავიდოდა თუ არა ვარდნიდან დადებით ტენდენციაზე, რაც ეკონომიკური აქტივობის თავისებური ინდიკატორიც არის", – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, "ეკონომიკის ზრდის დადებით მაჩვენებელზე გასვლა იმ კუთხითაც არის ნიშანდობლივი, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა სექტორების უმეტესობაში, როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, თუ დამამუშავებელი მრეწველობაში და სოფლის მეურნეობის, ტრადიციულად ყველაზე მაღალი დასაქმების სექტორებში":

„აღსანიშნავია, რომ მარტში ზრდა ასევე დაფიქსირდა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებში, როგორიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რაც ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის კარგ წინაპირობებს ქმნის. ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, მარტში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ექსპორტი სარეკორდო 30.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 325.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, მარტში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რაც ექსპორტჩანაცვლების სტრატეგიის თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, ეკონომიკის ზრდის ტენდენციებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს პანდემიური პერიოდის განმავლობაში მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტურ ხასიათზე. როგორც პირველი, ისე მეორე ლოქდაუნისას, ეკონომიკის სტიმულირების სწორ მაკროეკონომიკურ გათვლებზე, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდამჭერი და სოციალური პროგრამების მიზნობრივ ხასიათზე, რასაც ცალკეული ექსპერტები და განსაკუთრებით ნაცოპოზიცია ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ".

მისი თქმით, "ეკონომიკის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, შეანელა უმუშევრობის ზრდის მაჩვენებელი, რაც კრიზისებისას ისედაც წამყვანი ფაქტორი ხდება".

"მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. მხოლოდ მისასალმებელია, რომ მთავრობამ ექსპერტული აზრი გაითვალისწინა და უარი თქვა ახალ ლოქდაუნზე, მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მეორე კვარტალში პირველთან შედარებით, ტრადიციულად ისედაც უფრო მაღალ აქტივობას, აპრილი - მაისში ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც სავალუტო კურსზეც დადებითად აისახება და ასევე გააუმჯობესებს და დადებით მაჩვენებელში გადაიყვანს წლიური ზრდის კუმულატიურ ეფექტსაც",- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები