საქართველოს საავიაციო ბაზარზე დღეიდან ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს

30-04-2021 10:41:50 ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს.

„დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში ერთი სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიანიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები