factcheck: მამუკა ხაზარაძის განცხადებების გადამოწმება

01-05-2021 00:44:47 პოლიტიკა ,ეკონომიკა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის ანალიზი factcheck–მა შემოგვთავაზა. ანალიზიდან ირკვევა, რომ ხაზარაძემ, მათ შორის, მანიპულირების ხერხს მიმართა.

რეზიუმე:

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 კი 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა.“

იქიდან გამომდინარე რომ წარსულში, ფაქტ-მეტრს მსგავსი ან იდენტური განცხადებები არაერთხელ გადაუმოწმებია, გთავაზობთ თითოეული განცხადების მცირე მიმოხილვას, შესაბამის ანალიზზე მითითებით. ფაქტ-მეტრის დასკვნით, განცხადებები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ლარის კურსზე მეტწილად სიმართლეს წარმოადგენს, მშპ-ს ნაწილში - მანიპულირებას, ხოლო განცხადება, რომ უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, მცდარია.

განცხადება: 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი

ვერდიქტი: მანიპულირება.

ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. მამუკა ხაზარაძე, დოლარში გამოსახულ მშპ-ს ნომინალურ მონაცემზე საუბრობს. განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012-2020 წლებში, ეკონომიკის მოცულობა შემცირდა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ხოლო 2020 წელს, მშპ-ს შემცირება პანდემიას უკავშირდება.

პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად, არასწორია. განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც რეალობას შეესაბამება, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.

განცხადება: უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

ვერდიქტი: მცდარი

უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2020 წელს 18.5%-ს შეადგენდა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს არ წარმოადგენს და წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებელი მხოლოდ 2019 წელთან არის გაუარესებული. თუმცა, აღსანიშნავია რომ უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი,“ ადამიანები, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები. 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, ანუ მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა.

მეორეს მხრივ, პანდემიური კრიზისის მიუხედავად, 2020 წელს დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2013 წლის შემდეგ გაზრდილია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, მამუკა ხაზარაძის განცხადება მცდარია.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები