სუს–ი ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან

03-05-2021 10:52:04 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხურვალეთში გუშინ მომხდარ ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

როგორც სუს–ში აცხადებენ, ინციდენტი ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იყო და ის მალევე ამოიწურა. ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

მანამდე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გუშინ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული სამხედრო მანქანით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4 პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა:

"გუშინ საკმაოდ ხმაურიანი დღე იყო ხურვალეთში. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სამხედრო მანქანით, ე.წ. ტაბლეტკით, მოვიდნენ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადმოვიდნენ სასაფლაოზე, რომელიც წესით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. რამდენჯერმე მოხდა ამ ხაზის გადმოკვეთა, რამდენჯერმე მოხდა პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა, შეიძლება ითქვას ხმამაღალი საუბარი", - განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, "პოლიციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დააკავა":

"პოლიციამ არცერთი მათგანი არ დააკავა და ყოველი გაბრუნების შემდეგ ბრუნდებოდნენ რუსების საგუშაგოზე, რაც ჩემი აზრით გადის ყოფითი ნასვამობის და დებოშის ფარგლებიდან. ეს შეიძლება წააგავდეს რუსების, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გეგმის ნაწილს".

მისივე ინფორმაციით, ღამის საათებში ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები