„ივერი მელაშვილს და ჟურნალისტებს დავით–გარეჯში თავს დაესხნენ“

04-05-2021 17:42:43 ადამიანი და კანონი

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, დავით–გარეჯში კარტოგრაფ ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

„დავით–გარეჯში იმყოფება ბატონი ივერი მელაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან ერთად და მას თავს დაესხნენ. ვიზუალურად, ასეთი აღქმა დარჩათ, რომ ისინი [თავდამსხმელები – რედ. ] სასულიერო პირები იყვნენ. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ჩემი ინფორმაციით, ფიზიკური კონტაქტი ივერი მელაშვილთან მიმართებაში არ ყოფილა, ჟურნალისტს და ოპერატორს კი ფიზკურადაც შეეხნენ. თავდამსხმელები პოზიციონირებდნენ იმგვარად, რა ინფორმაციასაც მოქალაქეებს სახელისუფლებო პროპაგანდა აწვდის, რომ თითქოს მოღალატეები არიან“,– განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა.

მისი თქმით, "კადრები გადაღებულია და თუ სამართალდამცველები მოინდომებენ, ინდენტიფიცირება შესაძლებელია".

"მთავარი არხის" ცნობით, ისინი "შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდნენ.

ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ყვება, რომ თავდაპირველად დავით–გარეჯში მხოლოდ ივერი მელაშვილი და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იყო, ასევე იყვნენ ტურისტები. თუმცა მალევე ადგილზე სასულიერო პირები მოვიდნენ.

"ჩაწერის დროს მოვიდა სასულიერო პირი. ის იყო აგრესიული. ივერი მელაშვილს უთხრა, რომ ის არის მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება. სასულიერო პირი იყო ნასვამი. როცა ვკითხე, რა ერქვა მას და ვინ იყო, გვითხრა, რომ იყო მამა იორამი. მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. მან ოპერატორისკენ გამოიწია, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამასობაში ადგილზე მოვიდა რამდენიმე სასულიერო პირი და ვითარება დაიძაბა. ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩვენი კამერა დააზიანეს. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი", - "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინუცა კეკელია.

მისივე თქმით, დახმარება და გაშველება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, თუმცა არავინ დაეხმარა:

"მათ დახმარებაზე უარი გვითხრეს, აწიეს მანქანის მინები და დატოვეს ტერიტორია. სასულიერო პირები გვისწორდებოდნენ ფიზიკურად, მეც მირტყამდა ფეხებს. ბატონ ივერის ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ - მხოლოდ სიტყვიერს. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ადგილზე პოლიცია მოვიდოდა, სასულიერო პირები წავიდნენ, თუმცა, მანამდე გვითხრეს, რომ პოლიცია არ აინტერესებდათ".

ნინუცა კეკელიას თქმით, ისინი ამჟამად საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მიდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები