
"სასულიერო პირებიც და ხალხიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები"
04/05/2021 14:40:45 სამართალი, საზოგადოება
კარტოგრაფ ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც დღეს თავს დაესხნენ, შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს ხელისუფლების ბრალია.
"სასულიერო პირებიც და მოქალაქეებიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები. ზოგი შეიძლება, იყოს პროვოკატორი, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვიღაცამ ჩაუდო თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მან რაღაც გადასცა და გაყიდა. სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი მომხდარა. შეცდომაში შეყვანილები არიან ხელისუფლების, ამ პროვოკატორების მიერ. ხელისუფლებას ვადანაშაულებ ამაში, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. წარმოიდგინეთ, სულ ალალმართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს", - განაცხადა მელაშვილმა.
ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, დავით–გარეჯში კარტოგრაფ ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეარხი "შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდა.
ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.
ტელეარხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ "მთავარი არხის" მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-სგან თავდამსხმელების ვინაობის დადგენას და მათ დასჯას ითხოვს:
„კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო“.
იგი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, "ყურადღება მიაქციონ მომხდარს".
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.