ახალციხეში 89 წლის ქალის ცემის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს

04-05-2021 20:48:14 ადამიანი და კანონი

ახალციხეში 89 წლის ქალის ცემის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს. მე-9 არხის ინფორმაციით, დაშავებული 3 მაისს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმმა ბესო ბურჯალიანმა მე-9 არხს განუცხადა, რომ ქალს თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ზედაპირული ტრავმა ჰქონდა მიღებული. 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს.

89 წლის ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. მისი თქმით, რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. მე-9 არხის ცნობით, კლინიკიდან გაწერის შემდეგ მოხუცი ნათესავმა დროებით შეიფარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები