
ღარიბაშვილი: „განვიხილეთ დავით –გარეჯის საკითხიც“
05/05/2021 14:55:13 კავკასია, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
როგორც ღარიბაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, მათ შორის, დავით–გარეჯის საკითხიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
„განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის – ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის – უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით –გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“,– განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გააქტიურონ მუშაობა ინვესტიციების კუთხით:
„პანდემიამ ძალიან დააზარალა ჩვენი ეკონომიკები. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. 1,5 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან 2019 წელს, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი“.