„ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე თანამშრომლობა ახალ მიმართულებებს შეიძენს“ – ზალკალიანი ბაქოში ვიზიტს აფასებს

05-05-2021 20:48:02 კავკასია ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო–აზერბაიჯანის თანამშრომლობა ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს.

უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში ყურადღება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მახვილდება.

„ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია, ისევე ეფექტურად გაგრძელდეს რეგიონში თანამშრომლობა, გეოსტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისე გაზსადენი და ნავთობსადენები, ამ მხრივ, მართლაც იდეალურია თანამშრომლობა. ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ამ ვიზიტის შედეგად, დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უამრავი შესაძლებლობები არსებობს. რა თქმა უნდა, პანდემიამ, კოვიდმა გარკვეულწილად პრობლემები შექმნა, შეაფერხა ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ არის მზაობა როგორც აზერბაიჯანული მხარის, ისე ჩვენი მხრიდან, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გახსნა. ტურიზმის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია. პანდემიამდე აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა იყო რეკორდული და ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება ისევ იმ დონეზე დარჩეს, კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის. რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი, და რაც მთავარია, უაღრესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები