Accentnews.ge
გია ხუხაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებას არ აპირებს"

გია ხუხაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებას არ აპირებს"

17/07/2019 12:01:14 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, კომენტარი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებას კი არა, ყიდვას აპირებს, ვინაიდან ხალხის იმედი დაკარგული აქვს. სწორედ ამით ხსნის ანალიტიკოსი "აქცენტთან" საუბრისას მმართველი გუნდის დამოკიდებულებას 20–21 ივნისის მოვლენების კონტექსტში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებაში. 

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი სისტემის მდგრადობაა, ვინაიდან მომავალ არჩევნებზე მმართველი გუნდის ძირითადი ბერკეტი სწორედ ძალოვანი უწყება იქნება. 

ხუხაშვილის თქმით, მას დღეს ივანიშვილისგან მოულოდნელი არაფერი მოუსმენია, "ლაპარაკობს იმას, რაც არსებულ სიტუაციაში უნდა თქვას, ვინაიდან მანევრირების საშუალება აღარ აქვს.  

"ეს განცხადებები არ არის გახარიას პიროვნებით განპირობებული. მმართველი გუნდი ამით სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას ცდილობს. ისინი გახარიას გადადგომას აკავშირებენ აღიარებასთან, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, რისი აღიარებაც არ უნდათ. 

იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლად ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ აკეთებს, მიაჩნია, რომ მისი მთავარი საყრდენი მომავალ ბატალიებში ძალოვანი სისტემაა.მისთვის ახლა მთავარია, ძალოვანი სისტემის მდგრადობა შეინარჩუნოს, რათა საჭირო მომენტში სისტემა მისი ერთგული დარჩეს. ამ ვითარებაში ძალოვანი უწყებისადმი საზოგადოების ნდობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ივანიშვილს დიდი ხანია აღარ აქვს ილუზია, რომ მას ხალხი ისევ შეიყვარებს. მას ხალხის იმედი დაკარგული აქვს. ამიტომ  2020 წელს არჩევნების მოგებას კი არა, ყიდვას აპირებს. რესურსების მხრივ კი ძალოვანი სისტემა მისთვის ცენტრალურ როლს თამაშობს",– განუცხადა "აქცენტს" ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მედიასთან მეორეს გამოჩნდა, თუმცა კითხვებს პირველად უპასუხა. ივანიშვილის თქმით, გახარიას გადადგომა "სამშობლოს ღალატი იქნებოდა", ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ენმ–ს დააკისრა, ამასთან თქვა, რომ მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების რესურსი აქვს, თუმცა არც კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხა.   

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. ერთ–ერთი აქცია ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთანაც შედგა.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S