ლავროვი "სამხრეთ კავკასიის სტაბილური ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე" საუბრობს

06-05-2021 15:53:45 კავკასია

ერევანში დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - არა აივაზიანისა და რუსეთის მთავარი დიპლომატის - სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ლავროვმა მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში "პოზიტიურ დინამიკას" გაუსვა ხაზი.

«ვთარება საგრძნობლად არის ნორმალიზებული. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც შეხების ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ არის განლაგებული, უსაფრთხოების გარანტად გვევლინება. უმნიშვნელო ინციდენტები, რომლის გარეშეც არც ერთი ოპერაცია არ ხდება, ოპერატიულად და ეფექტურად რეგულირდება ჩვენი სამხედროების მიერ. ისინი ტყვეთა გაცვლის პროცესსაც მუდმივად აკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოების დახმარებით მთიან ყარაბაღში თავის სახლებში თითქმის 53 ათასი დევნილი დაბრუნდა. ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის პერსონალი მოსახლეობას სამედიცინო დახმარებასაც უწევს, სახლებისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც ეხმარება», – განაცხადა ლავროვმა.

ამასთანავე, მისი თქმით, "წარმატებით რეალიზდება ამოცანები, რომლებიც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის კუთხით დასახეს".

«აქტიურად და რიტმულად მუშაობს სამმხრივი სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერების დონეზე. დაინტერესებულები ვართ იმით, რომ ეს სამუშაო გაგრძელდეს და ხელი შეუწყოს ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს, საბოლოო ჯამში კი - სამხრეთ კავკასიის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას», – განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

ლავროვი ერევანში 5 მაისის საღამოს ჩაფრინდა. დღეს ის სომხეთის ხელმძღვანელობას ხვდება, 10-11 მაისს კი დაგეგმილი აქვს ვიზიტი ბაქოში.