შავ ზღვაში მზარდი დაძაბულობის ფონზე კალიურანდი, ჰერბსტი და ბლენკი უკრაინა-საქართველოს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე მიუთითებენ

07-05-2021 13:35:40 პოლიტიკა ,თავდაცვა

შავ ზღვის რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე ევროპარლამენტარი მარინა ​კალიურანდი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი და აშშ-ის "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი უკრაინასა და საქართველოს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

კერძოდ, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი მიიჩნევს, რომ კიევსა და თბილისს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება, თავდაცვა და უსაფრთხოება თანამშრომლობის გადამწყვეტი სფეროებია. თუმცა საქართველოსა და უკრაინას შორის პარტნიორობა ასევე უნდა მოიცავდეს უფრო „რბილ“ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა და ვაჭრობა. გარდა ამისა, მათ ერთად შეუძლიათ, იმუშაონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტთან" საუბრისას.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი "აქცენტთან" საერთო მიზნების კონტექსტში უკრაინისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას:

საქართველომ და უკრაინამ დემოკრატიული გზით სვლა და დასავლეთისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა აირჩიეს. შედეგად, ორივე ქვეყანა რუსეთის მხრიდან უკიდურესი ზეწოლის ობიექტი გახდა, მათ შორის, ვიხილეთ ომი და ტერიტორიის ოკუპაცია. საქართველოს და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ, ერთობლივად იმუშაონ, რათა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყონ ხელი. მორიგი გადაკვეთის წერტილი ორივე ქვეყნისთვის NATO–სა და ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებისთვის გზების ძიებაა. გარდა ამისა, მათი საერთო ინტერესია, გაიზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა დასრულდეს მათი ტერიტორიების ოკუპაცია და უკრაინის შემთხვევაში, დასრულდეს ომი დონბასში“.

"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი კი „აქცენტთან“ ამბობს“, რომ საერთო გამოწვევების წინაშე მყოფ ორივე ქვეყანას მხოლოდ მმართველობის სტილის გაუმჯობესებით აქვს თავდაცვის შანსი:

რა თქმა უნდა, ამ ორ სახელმწიფოს შეუძლია, ერთად იმუშაონ რუსეთთან ომების სამხედრო გაკვეთილების გაზიარებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და დაზვერვის მონაცემების გაზიარებაზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე სახელმწიფომ გააგრძელოს რეფორმისა და დემოკრატიზაციის პროცესი, რაც ბოლო პერიოდში სერიოზულად შემცირდა. ორივე ხსენებული მიმართულებით მარცხი უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რუსული დივერსიისთვის, რაც თავის მხრივ მეტ საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხოლოდ თავიანთი მმართველობის გაუმჯობესების საფუძველზე აქვთ საქართველოსა და უკრაინას NATO–სა და ევროკავშირში გაწევრიანების და რუსეთისგან თავდაცვის შანსი“.

ცნობისთვის: 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ქართულ–უკრაინული მხარეები შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით NATO–სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე ერთობლივი მიზნების წარდგენაზე ფოკუსირდებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები