ცხინვალი დავით ქაცარავას "არაკონსტრუქციული მიმართულებით გააქტიურებაში" ადანაშაულებს

07-05-2021 15:39:30 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერ დავით ქაცარავას "არაკონსტრუქციული მიმართულებით გააქტიურებაში" ადანაშაულებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ცხინვალში არაერთხელ შეაქეს ქაცარავა, რომელსაც «არასამთავრობო სექტორის პატრიოტულად განწყობილ წარმომადგენლად" მოიხსენიებდნენ. ოსურ უშიშროებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ქაცარავა «კონსტრუქციულ, სამხრეთ ოსეთისთვის სასარგებლო საქმიანობას" ახორციელებდა, კერძოდ, "საქართველოს მოქალაქეებს სანდო ინფორმაციას აწვდიდა საზღვრის თაობაზე". ახლა კი იგივე ოსური უშიშროება თვლის, რომ «თბილისის რეჟიმმა დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანოზაციებზე კონტროლი გააძლიერა».

«ბოლო დროს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი აღნიშნული მოძრაობის საქმიანობის არაკონსტრუქციული მიმართულებით გააქტიურებას აფიქსირებს. მაგალითად, 21 აპრილს ქაცარავამ საზღვრის უშუალო სიახლოვეს რიგი საპროტესტო აქციების ორგანიზება განახორციელა. ამ დემარშების საბაბად ზნაურის რაიონში, დასახლებულ პუნქტ დევილეთის სიახლოვეს, საზღვრისპირა სასოფლო-სამეურნეო მიწების პერიმეტრზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის თხრის გეგმიური სამუშაოები იქცა», – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მიმდინარე წლის 1 მარტს ოსურ უშიშროებაში განაცხადეს, რომ დავით ქაცარავა საქართველოს მოქალაქე ამირან მანთაშაშვილს დე ფაქტო საზღვრის კვეთაში დაეხმარა. თავად ქაცარავამ მაშინ სოცქსელში დაწერა, რომ როგორც წესი, "მარაზმატულ ბრალდებებს არ პასუხობს, თუმცა ოსური უშიშროების ეს მტკიცება განსაკუთრებით უნიჭო იყო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები