22-ტონიანი კოსმოსური ნაგავი ხვალ თურქმენეთს შეიძლება, დაეცეს

07-05-2021 16:45:39 ეს საინტერესოა

ჩინური რაკეტმზიდის უმართავი საფეხური ხვალ სავარაუდოდ, აზიას დაეცემა. ასეთია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პროგნოზი, რომელიც Twitter-ში, სპეციალიზებულ არხ Space Track-ზე გამოქვეყნდა.

გათვლების თანახმად, 22-ტონიანი კოსმოსური ნაგავი თურქმენეთს შეიძლება, დაეცეს. სავარუდო კოორდინატებია 38.1/62.5 გრადუსები, დაცემის სავარაუდო დრო - 8 მაისის 23:13 UTC.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტის ჩამოგდებას.

"ჩვენ ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა არ ვგეგმავთ რაკეტის ჩამოგდებას. ვიმედოვნებთ, იგი დედამიწაზე ისეთ ადგილზე ჩამოვარდება, სადაც ზიანს არავის მოუტანს. ვიმედოვნებთ, ეს იქნება ოკეანე, ან რაიმე მსგავსი ადგილი. რაკეტა სავარაუდოდ, შაბათს ან კვირას ჩამოვარდება. თუმცა ზუსტი დროის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია", – განაცხადა ოსტინმა.

ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში შემოჭრისას დაიწვება და დიდი ალბათობით, რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

ცნობისთვის: რაკეტა, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება.

რაკეტა სიგრძეში დაახლოებით, 30 მეტრია და 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

იგი იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები