ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს მიმართავს, დაგმოს რუსეთის მონაწილეობა იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში
08/05/2021 14:46:12 პოლიტიკა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, "მან ევროპულ საბჭოს თხოვნით მიმართა, დაგმოს რუსეთი, 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში მონაწილეობისთვის".
ჟურნალისტების კითხვაზე, წამოჭრა თუ არა აფეთქების საკითხი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ, ორდღიან სამიტზე პორტუგალიაში, ბაბიშმა უპასუხა, რომ მან ევროპულ საბჭოს "მოუწოდა დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს მსგავსი ნაბიჯები, როცა ამ თვეში, ბრიუსელში დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე დასკვნით განცხადებას წარადგენს".
ბაბიშის თქმით, მან საბჭოს მოუწოდა მკაფიოდ განაცხადოს, "რომ ამგვარ ნაბიჯებთან შერიგება შეუძლებელია, და რომ [ევროკავშირის] ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ჩვენ ყველაზე თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ".
ცნობისთვის, ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში".
ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.


