„პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო“– მელიამ საპატიმრო დატოვა
10/05/2021 14:14:37 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლა გახდა, რასაც წინ უსწრებდა ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს თანხის წინასწარ გადახდა.
მას საპატიმროსთან მხარდამჭერები და კოლეგები დახვდნენ.

მედია პოლიტიკოსს მთავარ შესასვლელთან ელოდა, საიდანაც როგორც წესი, ტოვებენ საპატიმროს, თუმცა მელია უკანა კარიდან გამოუშვეს, რამაც ადგილზე არეულობა გამოიწვია.
„პრაქტიკუად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. წვრილმან დეტალშიც კი ჩანს ამ ხელისუფლების ბუნება, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა“,– აღნიშნა მელია.
მან გათავისუფლება უსურვა ყველა პატიმარს:
„შეცდომა ყველას მოდის. მინდა, ყველა პატიმარს და პოლიტპატიმარს ვუსურვო გათავისუფლება ადრე თუ გვიან და ოჯახის წევრებთან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან დაბატიმრებულები თუ არა. თუმცა ამ ციხეში, სადაც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია“.
ამასთან, მან ხაზგასმით გადაუხადა მადლობა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, საქართველოში აშშ–ის ელჩს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს:
"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო...
სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა".
იხილეთ ასევე: „გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური“ – მელია განმარტავს, შევა თუ არა ენმ პარლამენტში


