12-05-2021 00:15:18 საზოგადოება
ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელჩი ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. შევიდნენ დაცულ ოთახებში. თუ ასეთი არ არსებობს, კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.
როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან.
„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.
გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
11 მაისს ღამით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს. მათი ნაწილი სისტემა "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა. იერიშებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" აიღეს.
თავის მხრივ, ისრაელმა საპასუხოდ პალესტინელების 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ადგილობრივი მედია 20-ზე მეტი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შესახებ იუწყება.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რადიკალური მოძრაობა "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 15 წევრია ლიკვიდირებული. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება 100-ზე მეტი დაჭრილისა და 23 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის 9 ბავშვია.
კონფლიქტის ესკალაცია
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.
შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.
ევროკავშირმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები დაგმო და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.