სტრასბურგის სასამართლომ მელიას სარჩელი წარმოებაში მიიღო

12-05-2021 13:05:26 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის" ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო. სტრასბურგიდან უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებასთან.

როგორც მელიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

"სასამართლო კითხვებში ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა "ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და "ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ". ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას კითხვები დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ეს მუხლი გულისხმობს მართლმსაჯულების გამოყენებას არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური პატიმრობის და დევნის საქმეებში სწორედ ამ მუხლის დარღვევის განხილვა დგას დღის წესრიგში", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები