ბიბილოვი: «სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა - ომი, სიკვდილი"

13-05-2021 11:34:15 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა კიევს "დონბასში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ" მოუწოდა.

«სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა - ომი, სიკვდილი... რუსეთი ის ძალაა, რომელსაც დახმარება სურს და არა წართმევა, სურს, რომ სიცოცხლე გრძელდებოდეს. უდავოდ, უკრაინას რომ მინსკის შეთანხმებები შეესრულებინა, სიკვდილი არ იქნებოდა. ამ შეთანხმებების უმთავრესი არსი ხომ მკვლელობების შეწყვეტაა», – განაცხადა ლუგანსკში მყოფმა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, "დონბასში დრო ადამიანთა სიცოცხლეებით იზომება".

«7 წელი - ეს თითქოს მცირე, მაგრამ ამავდროულად დიდი დროა, დრო ხომ მხოლოდ დღეებით, საათებით, წლებით არ იზომება. ამ შემთხვევაში, დონბასში იგი იზომება ადამიანთა სიცოცხლეებით. და ეს ყველაზე ფასეული და ძვირფასია, რაც თითოეულ რესპუბლიკაში გვაქვს», – აღნიშნა ბიბილოვმა.

ოსი დე ფაქტო ლიდერი დონეცკში "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" დააჯილდოვეს, ლუგანსში - "ვალისადმი ერთგულებისთვის».

თავად ბიბილოვი დაჯილდოებისას ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "სამხრეთ ოსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები