„თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ!“ – ტურიზმის სექტორი რიგი რეგულაციების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს

13-05-2021 14:01:50 ეკონომიკა

ტურისმის სექტორის წარმომადგენლები დღეს ეკონომიკის მინისტრთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აიცრნენ, თუმცა რიგი შეზღუდვების მოხსის აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ. საუბარია შაბათ–კვირას რესტორნების ფუნქციონირებასა და „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე

რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი შოთა ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას „კომენდანტის საათის“ მოხსნა მოუწევს:

„დარწმუნებით გეტყვით, რომ „კომენდანტის საათი“ აუცილებლად მოიხსნება დღის მომატებასთან ერთად. სანამდეც გაწელავს ხელისუფლება ამ ვითარებას, გაწელავს, თუმცა შემდეგ საზოგადოების გულისწყრომას ვერ გადავა, რადგან რეალურად „კომენდანტის საათი“ არაფერს აკავებს“.

სექტორის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი კი „კომენდანტის საათით“ შექმნილ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„სტუმრები 9 საათის შემდეგ ნომრებში იკრიბებიან ად იქ უფრო ვერ ხერხდება დისტაციის დაცა, რესტორნებში კი ყველა რეგულაცია გათვალისწინებული გვაქვს“.

სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლევან ქორიაშვილი რეგულაციების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს:

„ძალიან მნიშვნელვანია, სეზონზე ყველა საზღვარი გაიხსნას, მოიხსნას რეგულაციები და ამის დასაბამი აცრებია. მოვუწოდებ ყველას, სასწრაფოდ ავიცრათ. ეს რეგულაციები უნდა მოიხსნას. თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ!“.

„საზღვრების გახსნა, თუ შაბათ–კვირას რესტორნებს არ ექნებათ ფუნქციონირების შესაძლებლობა, თუ არ გაუქმდება „კომენდანტის საათი“, ვერ წამომიდგენია“ – ამბობს შოთა ბურჯანაძე და დასძენს: „ტურისტს უნდა, ჰქონდეს იმ სერვისით სარგებლბის უფლება, რომლითაც დაინტერესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სანახაობა გვაქვს, ტურისტი გასტრო–ტურიზმით ინტერესდება. თუ ამ შესაძლებლობას არ აძლევ ადამიანს, რატომ უნდა ჩამოვიდეს?“.

სექტორი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭო უახლოეს ორ კვირაში დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ შესაძლებლობა გაჩნდება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება:

"ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ" , - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები