
მინისტრის თქმით, წვევამდელები სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან
13/05/2021 14:00:52 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს თავდაცვის კოდექსის რეფორმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასაც გულისხმობს.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები.
“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. „აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.