«აზოვის ზღვის აღება არა მცოცავი, არამედ ნახტომისებრი იქნება: უკრაინის მთელი სამხრეთის ოკუპაციის პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”

13-05-2021 20:01:14 თვალსაზრისი

აზოვის ზღვის სტატუსის ირგვლივ არსებული ვითარება სადღეისოდ ერთ-ერთ ყველაზე ნერვულ თემად რჩება როგორც რუსეთ-უკრაინის, ისე მთლიანობაში საერთაშორისო ურთიერთობებში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ უკვე გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ «რუსეთმა შესაძლოა, აზოვის ზღვის მცოცავი ოკუპაცია განახორციელოს». მინისტრის თქმით, რუსეთი იქ «თავის სამხედრო წარმოდგენილობას მუდმივად ზრდის და სავაჭრო გზებს არღვევს».

აზოვის ზღვის სტატუსის განსაზღვრაში სახეზეა მკაფიო წინააღმდეგობა. მოსკოვი მას რუსეთის შიდა წყალსაცავად თვლის. კიევი კი მიუთითებს რიგ ორმხრივ შეთანხმებებზე, რომელთა მიხედვით, აზოვის ზღვა შიდაა ორივე სახელმწიფოსთვის. როგორც ოთხშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, «რუსებს აზოვის ზღვაში იმის ჩვენება სურთ, რომ ეს მათი შიდა ზღვაა, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ მოწინააღმდეგის ნებისმიერი მოქმედებისთვის».

სამხედრო ექსპერტ პაველ ფელგენგაუერის აზრით, რუსეთს “უკრაინის მთელი სამხრეთის ოკუპაციის პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს” და «აზოვის ზღვის აღება არა მცოცავი, არამედ ნახტომისებრი იქნება”.

- შესაძლებელია თუ არა, რუსეთმა ამა თუ იმ ხერხით მართლაც სცადოს, აზოვის ზღვა და მასთან ერთად ქერჩის სრუტე თავის შიდა აკვატორიად აქციოს?

— ვფიქრობ, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს არა მცოცავი, არამედ ბევრად გაბედული – ნახტომისებრი ოპერაცია იქნება. სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის ამის არსი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვოლგა-დონის არხით აზოვისა და შავ ზღვებში კასპიის ფლოტილიის ხომალდებს შეეძლოთ გადასვლა და უკან დაბრუნება. თანაც, რუსეთი ხომ დღესაც სრულიად ოფიციალურად თვლის აზოვს თავის შიდა ზღვად.

— მაგრამ იქ ხომ ორი უკრაინული პორტიცაა – ბერდიანსკი და მარიუპოლი?

— დიახ, თუმცა რუსული მხარე, როგორც ჩანს, ამას დროებით მოვლენად განიხილავს… 2014 წლის ომამდე რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედებდა ორმხრივი შეთანხმებები, რომლებშიც აზოვის ზღვის სტატუსი ერთობლივ შიდა ზღვად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, უცხოურ (არა რუსულ და უკრაინულ) სამხედრო ხომალდებს აზოვში მხოლოდ მოსკოვსა და კიევთან შეთანხმებით შეეძლოთ შესვლა. უცხოურ სავაჭრო გემებს რუსულ და უკრაინულ პორტებში ახლაც უშვებენ. იდეაში, საჭიროა, აზოვის ზღვაში უკრაინასა და რუსეთს შორის გარკვეული დელიმიტაცია განხორციელდეს, მაგრამ როგორც ჩანს, მოლაპარაკებას არავინ გეგმავს და ზოგადადაც, საქმე ომისკენ მიდის. ვერ ვხედავ, რუსეთი უკრაინასთან რაიმეს დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ ისწრაფვოდეს. მაღალი ალბათობით, უკრაინის მთელი სამხრეთის ოკუპაციის პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, როდის მოხდება ეს – მაისის ბოლოს, ივნისში, თუ საშემოდგომოდ გადაიდება.

— ამავდროულად, ამ დღეებში სანაპირო დაცვის ამერიკული ხომალდი “Hamilton” უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრებში მონაწილეობდა, ხოლო შემდეგ ოდესის პორტში შევიდა. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, ამერიკულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტით აზოვის ზღვის უკრაინულ პორტებში სცადონ შესვლა?

— არა მგონია, ამაში აზრს ვერ ვხედავ და ნაკლებ სავარაუდოა, ვაშინგონში ახლა რაიმე მსგავსის წამოწყებაზე ფიქრობდნენ.

— მაგრამ შავ ზღვაში ხომ შედიან?

— იქ ისინი თურქული სრუტეებით ხვდებიან, ბოსფორით. თურქეთი ხომ ნატო-ს წევრია, აშშ-ის მოკავშირე. შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამერიკის მეგობარია. იგივე “Hamilton” არა მარტო ოდესაში, არამედ საქართველოშიც იყო შესული, რომლის აკვატორიაშიც სანაპირო დაცვის ქართულ ხომალდებთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა.

აი, არაღრმაწყლოვან აზოვში შესვლის სამხედრო აზრს კი ამერიკული ხომალდებისთვის ვერ ვხედავ. ამერიკელების ავიაცია, სადაზვერვო საფრენი აპარატები, საბრძოლო სტრატეგიული დრონები ისედაც დაფრინავენ აზოვის სანაპიროსა და ყირიმის საზღვრის გასწვრივ, დონბასის თავზე. გასული შემოდგომით აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52 უკრაინული გამანადგურებლების თანხლებით აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაიფრინა. თუმცა ეს ალბათ, უფრო დემონსტრაცია იყო, რადგან მსგავს ფრენებს განსაკუთრებული სამხედრო აზრი არ აქვს. თუ ისინი სარაკეტო დარტყმებს განახორციელებენ, ეს უფრო უკრაინის დასავლეთში, ლვოვის რაიონიდან მოხდება, თუ არა კრაკოვიდან ან დრეზდენიდან…

— რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსული ჯარი მართლაც შეეცდება უკრაინის სამხრეთის ოკუპაციას, როგორი იქნება აშშ-ისა და ნატო-ს პასუხი?

— ამ წუთში ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. მაგალითად, საქართველოსთან ომის დროს შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო გემების ძალზე მძლავრი დაჯგუფება შევიდა. რუსები ძალიან ანერვიულდნენ, რადგან მაშინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მათ დიდად ვერაფერს დაუპირისპირებდა.

ამჟამინდელ პირობებში შესაძლებელია, დაიწყოს რაღაც შეტაკებები ზღვაზე და ჰაერში. ხმელეთით, პოლონეთის საზღვრიდან და ავიატრანსპორტით დაიწყება უკრაინული ჯარის კიდევ უფრო მასშტაბური მომარაგება ყველაფერ აუცილებლით, განსაკუთრებით - იმით, რაც მალე შეიძლება, დასჭირდეს – ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებით. უკრაინულ ტერიტორიაზე შესაძლოა, გაშალონ ამერიკული ან სხვა ნატო-ური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ დასაცავად კი იქ შესაძლოა, ამერიკული თვითმფრინავები გამოჩნდნენ.

ყირიმში არსებული რუსული ავიაბაზებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გასანადგურებლად ამერიკულ ხომალდებს თუ წყალქვეშა ნავებს შავ ზღვაში შესვლა საერთოდ არ სჭირდებათ. ამის განხორციელება მათ ეგეოსის ზღვიდან ან ხმელთაშუა ზღვის სხვა რაიონებიდანაც შეუძლიათ.

ასე, რომ შესაძლებელია სხვადასხვა სცენარები, თუმცა ვითარება დღეს გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე 2008-ში, როცა პენტაგონში (და მთლიანობაში დასავლეთში) არავის სჯეროდა, რომ რუსეთი საქართველოზე შეტევას წამოიწყებდა. ახლა დასავლეთი თანამგზავრებიდან, ასევე სადაზვერვო დრონებისა და სხვა საფრენი აპარატების მეშვეობით ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდება და ამჯერად მოულოდნელად ვერაფერი მოხდება.

— ამის გათვალისწინებით, არ გეჩვენებათ, რომ არსებულ ვითარებაში კრემლის მხრიდან წარმოუდგენელი ავანტიურა იქნებოდა?

— დიახ და მთავარი ბოსი შესამჩნევად ნერვიულობს, რადგან ესმის, რომ ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილება იქნებოდა. საკითხი უკვე დამუშავებულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. პირველი ნიშანი იმისა, რომ პროცესი დაიწყო, დონბასში მკვეთრი ესკალაცია იქნება: «რუსების დაცვა გენოციდისგან» და ა. შ. - ეს იქცევა საბაბად ომისათვის და იმის ნიშნად, რომ ოპერაცია დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები