საქართველოში ჩადენილი მკვლელობა ზაქრო ქალაშოვისა და "მერაბ სუხუმსკის" დაპირისპირების მიზეზად იქცა

13-05-2021 20:34:18 სამართალი

აპრილში საქართველოში შურისძიების მიზნით ჩადენილი მკვლელობა რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერ ზაქრო ქალაშოვისა (იგივე შაქრო კალაშოვი) და აფხაზური კლანის თავკაც მერაბ ჯანგველაძის ("მერაბ სუხუმსკის") დაპირისპირების მიზეზად იქცა.

რუსული მედიის ცნობით, ინტერესთა კონფლიქტი ქალაშოვსა და ჯანგველაძესთან დაახლოებული "კანონიერი ქურდების" - ჯეირან კინწურაშვილისა (ქალაშოვის მხარდამჭერი) და მამუკა კვიჟინაძის (მერაბ სუხუმსკის მხარდამჭერი) დაპირისპირებამ გამოიწვია.

ხსენებული "კანონიერი ქურდები" თურქულ ტრაბზონში პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. გარკვეული დროის შემდეგ ჯეირანთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც შაქრო ქალაშოვის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, საქართველოში მამუკა კვიჟინაძის მეგობარი ჩაცხრილეს. თავად მამუკა ამის შემდეგ იტალიაში გაფრინდა "მერაბ სუხუმსკისთან".

«მერაბმა ახსენა, რომ შაქროს მხარდამჭერები სამართალდამცველი უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან და ეს შესაძლოა, მომავალში ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდებს" შორის ცალკე საუბრის თემად იქცეს», – იუწყება რუსული მედია.

გასული წლის ოქტომბერში რუსეთში დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული პირველი განაჩენი იქნა გამოტანილი. სასამართლომ ამაში დამნაშავედ სცნო ქალაშოვთან დაახლოებული შალვა ოზმანოვი ("კუსო").

აპრილის ბოლოს კი მოსკოვის სასამართლომ 14-წლიანი სასჯელი შეუფარდა კახა გაზაევს, რომელსაც 2009 წლის ივლისში "კანონიერ ქურდ" ვიაჩესლავ ივანკოვის ("იაპონჩიკი") მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები