აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას უარყოფს

14-05-2021 10:02:44 კავკასია

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ მისი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, სასაზღვრო ძალები თავის ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

როგორც ბაქო აღმიშნავს, საუბარია სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინის და ქელბაჯარის რაიონების იმ ნაწილზე, სადაც რთული მთიანი რელიეფი და არახელსაყრელი კლიმატური პირობებია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრეების პოზიციებზე დაბრუნების პროცესი ჩვეული რეჟიმით, სისტემატურად ხორციელდება, სომხეთთან საზღვრის დაცვის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები კი ეფუძნება ორივე მხარის განკარგულებაში არსებულ რუკებს.

აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში მოახლოებული არჩევნების წინ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისის შემდეგ საზღვრის ამ მონაკვეთზე გაიგზავნა აზერბაიჯანის სასაზღვრო სასახურის ხელმძღვანელობა და მეორე მხარის მესაზღვრეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სიტუაციის ნორმალიზების მიზნით.

აზერბაიჯანი სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს მოუწოდებს, პანიკას ნუ შექმნიან, სასაზღვრო რეჟიმი რეალობად მიიღონ და რეგიონში სიტუაციას ნუ გაამწვავებენ, რადგან მსგავსი საკითხები მხარეებს შორის კონტაქტებით უნდა გადაწყდეს.

13 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სიუნიქის რაიონში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე სევის ტბის გარშემო რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხურ-ენოვანი პოსტით გამოეხმაურა ბოლო დღეებში სომხეთის სამხრეთ რეგიონში, სიუნიქში შექმნილს დაძაბულობას.

“აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სომხეთის ტერიტორია. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაიხიონ უკან. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა სომეხ ხალხს, საფრანგეთი მათ უცხადებს სოლიდარობას და ეს ასე შენარჩუნდება”, – წერია ემანუელ მაკრონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, რომელიც მან ერევნის დროით 14 მაისის ღამეს გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები