ისრაელის ელჩის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება და არგუმენტები, რომლითაც საქართველო უნდა პოზიციონირებდეს

14-05-2021 17:17:32 ინტერვიუ

ისრაელ–პალესტინას შორის კონფლიქტის მორიგი მწვავე ესკალაციის ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაფიქსირებული პოზიციის გამო ჯერ პოლიტიკის რიგმა კომენტატორებმა გააკრიტიკეს, არ იყო რა, მათი შეფასებით, პოზიცია მკვეთრი, ხოლო შემდეგ ერთგვარი უკმაყოფილება საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმაც გამოთქვა. კერძოდ, როგორც დიპლომატმა „რადიო თავისუფლების“ დილის ეთერში განაცხადა, უკეთესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებებში ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ კმაყოფილია მიღებული მხარდაჭერით:

„შესაბამის „ტვიტებში“ ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“.

მაინც რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში, შედის თუ არა მის ან პროცესის ინტერესებში უფრო მკვეთრი პოზიციონირება და რა არგუმენტების გათვალისწინებით უნდა აყალიბებდეს ქვეყანა საკუთარ რიტორიკას, – ამ თემებზე „აქცენტი“ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს ესაუბრა. თუმცა მანამდე გავიხსენოთ საქართველოს ვიცე პრემიერის დავით ზალკალიანის და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:

ოფიციალური თბილისის პოზიცია

დავით ზალკალიანი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 11 მაისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებს:

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“.

უკვე 13 მაისს ასევე „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაცილებით კონკრეტული იყო პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განაცხადა რა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ:

„ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“.

როგორ უნდა პოზიციონირებდეს საქართველო?

საქართველოს პოზიცია იყო ჯანსაღი: ქართულმა სახელმწიფომ დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ისრაელში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე. ეს დაგმობა, რა თქმა უნდა, იმასაც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფო აგრძელებს თავის კურსს – ბრძოლას საერთაშორისო თუ რეგიონული ტერორიზმის წინააღმდეგ და ეს პოზიცია ცალსახად სწორია,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას გიორგი გობრონიძე.

ამ კონტექსტში მკვლევარი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ისრაელი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და აქვთ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, პოზიტიური თანამშრომლობის დინამიკა;
  • მორალური თვალსაზრისით, არ შეიძლება, რაიმე ტიპის გამართლება მოეძებნოს ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებას;
  • დიპლომატიური სამსახურის პოზიცია ვერ იქნება აკადემიური სტატიის შინაარსის შემცველი, რომ მას პრობლემის მრავალმხრივი, ყოვლისმომცველი თეორიული ანალიზი მოვთხოვოთ.

„რა თქმა უნდა, ასეთ დროს ისრაელი მაქსიმუმს ითხოვს პარტნიორებისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავად ელჩიც აღნიშნავს და არ მგონია, ისრაელის სახელმწიფომ ვერ დაინახოს, რომ საქართველოს მხრიდან ამ ეტაპზე მხარდაჭერა არსებობს.

ჩვენი პოზიცია იყო იმგვარი, როგორიც ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს პოზიცია ამბობს იმასაც, რაც უნდოდათ, რომ ცალკე, მკვეთრად გამოხატული მოესმინათ, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ იქნება ის, რაც სხვას უნდა, არამედ იქნება ის, რაც უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია“,– დასძენს გობრონიძე.

სახელმძღვანელო არგუმენტები გობრონიძის ხედვით:

  • ისრაელ–პალესტინის თემა ძალიან ფაქიზია და ისტორიაში იმდენად ღრმად მიმავალი ფესვები აქვს, პროცესის ნებისმიერი ცალმხრივი, რადიკალური, არასწორი შეფასება შესაძლოა, „ცეცხლზე ნავთის“ დასხმა აღმოჩნდეს;
  • უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ჩვენი ებრაელი პარტნიორების, არამედ ისლამური სამყაროს, ჩვენი უმცირესობის დამოკიდებულება, მათი მგრძნობელობა ამ პრობლემის მიმართ;
  • აუცილებელია, გვესმოდეს (ამ მხრივ გვაქვს კიდეც სწორი მიდგომა), რომ ისრაელის სახელმწიფო არ არის არალეგიტიმური წარმონაქმნი, არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც რეგიონში გადარჩენისთვის იბრძვის. ბევრი აკრიტიკებს ისრაელს მილიტარიზაციის ხარისხის გამო და რამ მოიტანა ეს? იმან, რომ რეგიონში არსებულ თითქმის ყველა ძალას ამ სახელმწიფოს განადგურება ლამის ეროვნულ მიზნად ჰქონდა გამოცხადებული;
  • როდესაც ვსაუბრობთ ისრაელის თავდაცვის უფლებაზე, უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარეც: „ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2008 წელს მიესალმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გაერო–ზე ჩვენ ისედაც დავუჭირეთ მხარი. „ჰამასის“ მიმართ ჩვენი მხრიდან რაიმე ლოიალური პოზიციის ქონა კი არა მხოლოდ ებრაელ პარტნიორებთან, ჩვენს ინტერესებთან გაუმართლებელი პოზიციაცა იქნება;
  • აქვე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ისრაელის მიმართ ჩვენი სოლიდარული დამოკიდებულება არ იქნას აღქმული ისლამოფობიურ პოზიციად: ბევრი ცდილობს, მოვლენებს ამგვარი ინტერპრეტაცია მისცეს: „ისრაელის მიმართ სოლიდარული ხარ და პალესტინელი ბავშვები არ გეცოდება?“ – ამგვარად ხდება ფაქტებით მანიპულირება. მსხვერპლის ხარისხის ერთმანეთთან შედარება არაადამიანობაა! ყველას მსხვერპლი მსხვერპლი და ტრაგედიაა! ამ ტრაგედიის საფუძველი გახდა ის, რომ არსებობენ ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც მეორე სახელმწიფოს არსებობის უფლებას არ ეგუებიან. ყველაფერი თავის დროზე სწორედ იმით დაიწყო, რომ ისრაელს უთხრეს, „შენ არ გაქვს არსებობის უფლებაო!“.

– ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ყველა ამ ფაქტორს უნდა ითვალისწინებდეს და იყოს იმგვარი, რომ მან არაფერი დააზიანოს: ჩვენი პოზიცია განვითარების პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები