ისრაელის ელჩი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, საქართველოს პრემიერის და მინისტრის "ტვიტებში“ ხაზგასმული ყოფილიყო ისრაელის უფლება თავდაცვაზე

14-05-2021 14:05:35 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი აღნიშნავს, რომ ისრაელი მეგობრებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ელოდება, რაც, მისი თქმით, ნორმალური დიპლომატიური ქმედებაა.

ელჩმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ კმაყოფილია ამ დრომდე საქართველოსგან მიღებული მხარდაჭერით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებებში ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება:

„შესაბამის ტვიტებში ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს 11 მაისს გამოეხმაურა.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“,– წერდა ზალკალიანი.

13 მაისს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართგველო მკაცრად გმობს ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ:

„ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“.

იხილეთ ასევე: ისრაელის ელჩის გამოთქმული უკმაყოფილება და არგუმენტები, რომლითაც საქართველო უნდა პოზიციონირებდეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები