სასტიკი მკვლელობა 11 თვის ჩვილის თანდასწრებით – საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
17/05/2021 07:43:26 სამართალი
საბერძნეთში განსაკუთრებული სისასტიკით მომხდარი მკვლელობა ბერძნული მედიის ერთ–ერთი მთავარი თემაა. ირკვევა, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 36 წლის ქართველი, რომელიც საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა. დაკავებაც სწორედ ამ დროს განხორციელდა.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელიც წარსულში მოხუცი ცოლ–ქმნის გაქურდვისთვის იყო ნასამართლევი, 5–კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღობის მიზანით, ახალგაზრდა წყვილის სახლში შეიჭრა, რომელიც ათენის გარეუბანში, მილიონრების დასახლებაში მდებარეობს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა ჯერ ქმარს შეუკრეს ხელ–ფეხი და ოჯახის წევრებისგან განაცალკევეს, შემდეგ მისი მეუღლე –ბრიტანეთის 20 წლის მოქალაქე 11 თვის შვილის თანდასწრებით აწამეს და გაგუდეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს ოჯახის დამხმარე ქალს და ასევე ძაღლს, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა.
„მესმოდა ჩემი შვილის განწირული კივილი და მეუღლის მუდარა, რომ არ მოეკლათ, მე კი გაკოჭილი იატაკზე ვეგდე და ვერ ვშველოდი. მივუთითე, სად მქონდა ფული შენახული, მაგრამ მეუღლე მაინც მომიკლეს. სახლში დაახლობით, ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ“,– ყვება დაზარალებული.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქის კვალზე გენეტიკური მასალის საშუალებით გავიდნენ. ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. პოლიციელები დაკავებულის თანამზრახველებზე გასვლას ცდილობენ.
გამოძიება ყაჩაღობისა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩედენილი მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.


