17-05-2021 14:30:30 კონფლიქტები
სირიულ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტები" ერთმანეთში აერია.
კერძოდ, დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას სირიაში მიმდინარე ვიზიტის გაშუქებისას ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო "ალადათმა" წინა "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას ფოტო გამოიყენა.
„პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია სირიას 16 მაისს „ოფიციალური ვიზიტით“ ეწვია. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე "პარლამენტისა" და "მთავრობის" წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დღეიდან იწყება. მათ შორის, დაგეგმილია ასლან ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ასევე „აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის" პირველი სხდომა“.
აღსანიშნავია, რომ ბჟანია სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 223-ე საფრენი რაზმის კუთვნილი ლაინერით ჩაფრინდა. პორტალ Flightrtadar24-ის ცნობით, საჰაერო ხომალდი Tу-154M ნომრით RA-85155 წინა საღამოს სოჭიდან დამასკოში გაფრინდა, იქიდან - ლატაკიაში, დღეს დილით კი - სირიიდან მოსკოვში.
ცნობისთვის: რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.