დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა ხელის ჩამორთმევით დასრულდა
17/05/2021 16:14:14 საზოგადოება
დმანისის საკრებულოში დაპირისპირებულ მხარეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა ერთმანეთისთვის საჯაროდ ხელის ჩამორთმევით დასრულდა.
როგორც განიმარტა, მხარეები კონფლიქტის ამოწურვაზე შეთანხმდნენ.
"მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდენ, რაც მისასალმებელია,"-განუცხადა ჟურნალისტებს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კონფლიქტი ამოწურულია.
"არ ვიცი, რა მოხდა, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და ალბათ, გაეცემა ამ კითხვებს პასუხი.
ეს ადამიანები, ვინც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ და მათი ოჯახის წევრები ამას აბსოლუტურად ემიჯნებიან, თავიდანვე გამიჯნულები იყვნენ და ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, აქ ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ და ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულის, არც ადგილობრივების მიერ.
ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემენ ამ ვითარებას, მესმის, ზოგ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია რომ რაღაც ხდება, თუმცა სინამდვილეში არაფერი ხდება - არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობა, რომელსაც არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ დროისთვის დმანისში პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა.
იხილეთ ასევე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?


