საქსტატი – საქართველოში უმუშევრობის დონე 18.5%-მდე გაიზარდა

18-05-2021 14:17:51 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წელს უმუშევრობა 0.9%-ით გაიზრდა. მისი ცნობით, ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 18.5% უმუშევარია.

„წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით", – აცხადებს საქსტატი.

მისივე ცნობით, 2020 წელს უმუშევრობის დონე ქალაქებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია – 0.9%-ით:

„წინა წელთან შედარებით 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება".

ამასთან, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელსვე უმუშევრობის დონე უფრო მეტად კაცებში გაიზარდა (1.3%), ვიდრე ქალებში (0.2%). თუმცა „სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით".

საქსტატი უმუშევრად მიიჩნევს ადამიანს, რომელიც 15 წლის ან უფროსი ასაკისაა და რომელიც გამოკითხვის განმავლობაში: 1. არ იყო დასაქმებული; 2. გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაო და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები